ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღაში გრიგორი კარასინს შეხვდება
ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღაში გრიგორი კარასინს შეხვდება

დღეს პრაღის ფორმატში 23-ე შეხვედრა გაიმართება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატს, გრიგორი კარასინს შეხვდება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარი, პირველ რიგში, შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს.

„ახლა პრიორიტეტი ყველასთვის და რა თქმა უნდა, მათ შორის ჩემთვისაც, არის ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფორმატი ასეთი საკითხების განსახილველად არის შესაბამისი, თუ არა. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატსა და საშუალებას ვიყენებთ, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეს ეს პიროვნება და დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამაზე მექნება სწორედ საუბარი. იმედია, ეს მალე მოხდება და ამის შესახებ რაღაცას მოვისმენ პოზიტიურს. რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი უფრო დიდი პრობლემისა, იმ ვითარებისა, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, ამაზეც მექნება საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, პრაღის ფორმატი დღის წესრიგით უფრო ფოკუსირებულია და შექმნილია, რათა მოხდეს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო საკითხების განხილვა, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება, მიუხედავად ამისა, რთული ვითარება ამ რეგიონებში გვაიძულებს, ამაზეც ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ყოველივე ამაზე უფრო სიღრმისეული საუბარი იქნება 10-11 დეკემბერს ჟენევაში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ტრადიციულად, საუბარი შეეხება პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებსაც.

„ჩვენ ივნისის შემდეგ არ შევხვედრილვართ. საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა. მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დიდია, გასულ წელს ტვირთბრუნვამ შეადგინა თითქმის მილიარდ 500 მილიონი დოლარი, ასე რომ, ამ თემას მიხედვა სჭირდება. სავაჭრო ოპერაციებში, სატრანსპორტო კომუნიკაციებში ჩართულია ბევრი ქართული კომპანია და მათი ინტერესების დაცვაა საჭირო“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების შესაძლო აღდგენაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს გარდა იმისა, რაც მოვისმინე რუსული სააგენტოებიდან. მე დამიკავშირდნენ რუსი ჟურნალისტები და ვუთხარი, რომ ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით, დროებით, როგორც მაშინ ითქვა. თუ რუსეთის მხარეს ექნება მზაობა, სურვილი, პოლიტიკური ნება, ფენების აღდგენა შეიძლება საკმაოდ სწრაფად. რა თქმა უნდა, ამაში უმდა ჩაერთონ შესაბამისი ექსპერტები, საავიაციო სააგენტოების წარმომადგენლები და ამის გაკეთება სწრაფად შეიძლება. მაგრამ ეს რუსეთის პრეროგატივაა, ეს მათი გასაკეთებელია. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, თბილისში არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ კავშირებს, ხალხთა შორის ურთიერთობებს და თუ ეს ფრენები აღდგება, ჩვენ ამას მივესალმებით“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.