ზურაბ აბაშიძე - ცდება, ვინც ფიქრობს, რომ პირდაპირ კომუნიკაციას თუ შევწყვეტთ, რუსეთი უკეთესად მოიქცევა
ზურაბ აბაშიძე - ცდება, ვინც ფიქრობს, რომ პირდაპირ კომუნიკაციას თუ შევწყვეტთ, რუსეთი უკეთესად მოიქცევა

პარლამენტში ჩემი მისვლის მიზანია, მაქსიმალურად მივაწოდო ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს რუსეთთან დიალოგი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძეს ორშაბათს, 4 მარტს პარლამენტში ელოდებიან, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებსა და აგრეთვე იმ სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრებს, რომელიც პრაღის ფორმატის დაწყების შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრებს ასევე საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმებაზე და დეპუტატების რჩევებსაც მოისმენს.

„თუ ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ჩვენ თუ რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციას შევწყვეტთ, ამით რაღაც მოგვარდება და რუსეთი უკეთესად მოიქცევა, ძალიან ეშლება. ეს ასე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ პირიქით იქნება, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამ ფორმატის შესახებ და იმ საკითხების თაობაზე, რასაც პრაღაში განვიხილავთ, მთლიანად არიან ინფორმირებული ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ კომუნიკაციას რუსეთის მხარესთან და ჩვენს მცდელობებს, შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეიძლება. ვიცით ოპონენტების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ ჩვენ წინაშე არჩევანია, ან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა მივყვეთ, მათ რჩევებს ვუსმინოთ, ან – ოპონენტებს, რომლებსაც საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვთ რუსეთთან ურთიერთობისა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ“, – აღნიშნავს აბაშიძე.