ზურაბ აბაშიძე - არაფერია ახალი იმაში, რომ მამუკა ბახტაძის პირდაპირმა გზავნილებმა რუსეთი გააღიზიანა
არაფერია ახალი იმაში, რომ მამუკა ბახტაძის პირდაპირმა გზავნილებმა რუსეთი გააღიზიანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერის გამოსვლა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მან პრინციპული შეფასება მისცა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სერიოზულ, ძალიან დიდ პრობლემებს.
„მან მიმართა რუსეთის მხარეს მოწოდებით, რომ მოსკოვმა შეასრულოს 2008 წლის ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ასევე, იყო მიმართვა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობებს და ჩვენი ახალი ინიციატივის განხორცილებას, რომელსაც დაერქვა სახელად „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
დღეს რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა პრემიერის გამოსვლის ბოლო ნაწილს და იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, გაოცების თუ წყენის ტონით არის ნათქვამი, რომ რუსეთი არანაირად არ უშლის ხელს ამ ურთიერთობებს, თუ ქართველებს აქვთ ამის უნარი და ინტერესი, მათ გზა ხსნილი აქვთ, შეუძლიათ იკონტაქტონ აფხაზებთანაც და ოსებთან, ოღონდ ეს უფრო მათგან არის დამოკიდებული, არა ჩვენგან. თუ კედლებს ააშენებ ადამიანებს შორის, მავთულხლართებს გააბამ, შუაში დააყენებ თოფიან კაცს ნაგაზით, რანაირად უნდა ისაუბრონ ადამიანებმა. ვფიქრობ, რომ ამ თემაზეც გვექნება ალბათ საუბარი. ჩემს რუს კოლეგას შევხვდები მიმავალი კვირის დასაწყისში პრაღაში და ვნახოთ, კიდევ ერთხელ მოვისმენ მათ აზრს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენ გვექნება უფრო საუბარი კონკრეტულ საკითხებზე და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები და და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოჯადოებულ წრეს ქმნის და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მეტი მხარდაჭერა გვქონდეს დასავლელი პარტნიორებისგან.
„როდესაც ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დრამატულ ვითარებაზე და მივმართავთ ამის თაობაზე რუსეთის მხარეს, მათ აქვთ ტრადიციული პასუხი – ჩვენ რა შუაში ვართ, ამის თაობაზე ესაუბრეთ აფხაზებს და ოსებს, ცხინვალს და სოხუმს. ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი. სამწუხაროდ, ჯერ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება. მანამდე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა მეტი მხარდაჭერა გვქონდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, იმისათვის, რომ მაინც გავიკვლიოთ გზა აფხაზებისა და ოსების მიმართულებით. ეს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. უნდა ვცადოთ, რომ რაღაც შეხების წერტილები გამოვნახოთ რუსებთანაც, თუმცა ეს დღეისათვის ძალიან რთულია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას დღეს გამოეხმაურა. „გამოსვლამ დატოვა უცნაური შეგრძნებები. როგორც ვხედავთ, მსოფლიო საზოგადოებას კვლავ შთააგონებენ რეალობისგან უსასრულოდ დაშორებულ წარმოდგენას, რომ რესპუბლიკების მოსახლეობა დიდი ხანია, სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა „რუსი ოკუპანტები“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.