ზურა ჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტს მოუწევს, სწრაფად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური მოპოვების გზები გაჩნდეს
ზურა ჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტს მოუწევს, სწრაფად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური მოპოვების გზები გაჩნდეს

საქართველოს პარლამენტს მოუწევს, სწრაფად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური მოპოვების გზები გაჩნდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადების მომენტიდან შევიდა, ახლა კი კაზუსური რეალობა გვაქვს.

„მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში არის სრულად ლეგალური, ადამიანებს ვეღარ დასჯიან მოხმარებისთვის, მათ შორის, ვეღარ წაიყვანენ მოსაშარდად, რათა შეამოწმონ, აქვს თუ არა მარიხუანა მოხმარებული. მაგრამ, ამავე დროს, მარიხუანის მოპოვების ლეგალური გზები ქვეყანაში აღარ არსებობს, რადგანაც კულტივაცია, გაზრდაც არალეგალურად ითვლება და ჯარიმით ისჯება, გაყიდვაც ასევე, არის დასჯადი. ეს რეალობა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან არალოგიკურია, მცენარის მოხმარება იყოს დაშვებული და მისი მოპოვების ყველა გზა – აკრძალული“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას იმპორტის საჭიროება ქვეყანაში არ იქნება, რადგანაც კანაფი ყველა რეგიონში იზრდება და თანაც, „ფანტასტიკური ქართული ჯიშები არსებობს“.

„არ მგონია, საქართველოს ჰქონდეს იმპორტის განხორციელების საჭიროება. საქართველოში ყველა რეგიონში იზრდება კანაფი ჩვეულებრივად, მათ შორის ფანტასტიკური ქართული ჯიშები არსებობს. თუ ვინმეს უნდა განსხვავებული ჯიშების მოყვანა, შეუძლია, თესლები შემოიტანოს, რასაც აკეთებენ კიდევაც. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს სწრაფად მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ლეგალური მოპოვების გზები, თორემ ვიქნებით ძალიან გაურკვეველ, სასაცილო მდგომარეობაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო პრაქტიკის ძებნის გზით წავლენ.

„იმის გამო, რომ ვიცნობ პარლამენტს, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და ამ მოწვევის პარლამენტსაც ვაკვირდები, ჩემი პროფესიული საქმიანობა არის ეს, მგონია, ისინი წავლენ საერთაშორისო პრაქტიკის ძებნის გზით. ახალ ველოსიპედს ისინი ვერ მოიგონებენ, მგონია, რომ რეგულაციები წავა ძირითადად სამი მიმართულებით. ერთი ეს არის ფასის კონტროლი, რომ არ იყოს ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი. ამას, როგორც წესი, ქვეყნები აღწევენ აქციზის ტიპის გადასახადის დაწესებით, რომელიც მათ შორის არის ბიუჯეტის შემოსავლის წყარო. აქედან შეიძლება ბიუჯეტში ძალიან დიდი რაოდენობით ფული შევიდეს და ამ ფულზე „ოცნება“ ალბათ უარს არ იტყვის. მეორე, ეს არის მარკირება, რომ რაღაც კონკრეტული ნივთების მოხმარება შეიძლება იყოს საზიანო და შესაბამისად, მარკირება იქნება დაახლოებით ისეთი ტიპის როგორიც გვაქვს თამბაქოზე და ალკოჰოლზე, რომ მათი მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანი იყოს. მესამე არის ასაკობრივი ცენზი, რომ არასრულწლოვნებზე არ მოხდეს ამ ნივთიერების მიყიდვა.

ისევე, როგორც ეს არის ალკოჰოლზე და თამბაქოზე, აქაც გარკვეული ცენზი იქნება ასაკის მიხედვით. ეს არის სამი ძირითადი, პრინციპული მიმართულება, როდესაც რეგულაციებზე არის საუბარი. მე არ მგონია, რომ მათ შეიძლება იფიქრონ და რაღაც ახალი მოიგონონ, ეცდებიან უცხოური პრაქტიკის გადმოღებას და სავარაუდოდ, წავლენ ამ სამი მიმართულებით. მე მგონია რომ ეს მათ უნდა გააკეთონ რაც შეიძლება სწრაფად, თუ ვინმეს იქ აზრი მოეკითხება, რადგანაც ახლა ასეთ სასაცილო რეალობაში უბრალოდ გაგრძელება შეუძლებელია. თუ ეს რაღაცეები მოხდება, მათი გადმოსახედიდან რაღაცა რისკებს დააზღვევენ, მათ შორის არასრულწლოვნებთან მიმართებაში და პლუს, ამ ყველაფერს ექნება ბევრი პოზიტიური შედეგი, იქნება ეს ადამიანის უფლებების კუთხით, ჯანდაცვის კუთხით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თუ ასეთი ტიპის ლეგალიზაციის გზით წავალთ, მნიშვნელოვნად შემცირდება სააფთიაქო ნარკოტიკების, ე.წ. ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება, ასევე სინთეტიკური ნარკოტიკების, ბიოს მოხმარება, რაც არის მთავარი პრობლემა.

„მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაც შემცირდება და ამ ყველაფერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც ექნება“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.