ზურაბ აბაშიძე - გაერო არის შეხვედრების ადგილი, შესაბამისად დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დავთანხმდით სერგეი ლავროვთან შეხვედრას
ზურაბ აბაშიძე - გაერო არის შეხვედრების ადგილი, შესაბამისად დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დავთანხმდით სერგეი ლავროვთან შეხვედრას

ახლახანს დასრულდა შეხვედრა გაერო-ში და ნელ-ნელა ვიღებთ ინფორმაციას ნიუ იორკიდან, უფრო დეტალურად შეხვედრის შესახებ ალბათ თავად დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი ისაუბრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, საქართველოს დელეგაციას ჰქონდა ინტენსიური დღის წესრიგი, შეხვედრები დასავლელ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„მთავარი თემა შეხვედრებზე იყო ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში, ადამიანების უფლებების დარღვევა, ამ რეგიონების მილიტარიზაცია და რა თქმა უნდა, გამოსავლის ძიება. დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის მხარესთან და შესაბამისად, შვეიცარიელმა კოლეგებმა გამოთქვეს მზაობა, რომ მათი ჩართულობით განხორციელებულიყო ასეთი კომუნიკაცია და დღეს შედგა შეხვედრა ბატონ დავით ზალკალიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. რამდენადაც მე ვიცი, იქ იყო საკმაოდ საინტერესო საუბარი, რომელიც რა თქმა უნდა, ეხებოდა ოკუპაციას, თუ როგორ წარიმართა ეს საუბარი სჯობს მოვუსმინოთ თავად დელეგაციის ხელმძღვანელს. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ასეთ შეხვედრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ განხილული იქნებოდა მთავარი საკითხები, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან. გაერო სწორედ ის ადგილია, სადაც მსგავსი შეხვედრები ტარდება. ბოლო თვეების მანძილზე ჩვენ ვნახეთ, როგორ შეხვდნენ სერგეი ლავროვს უკრაინის პრეზიდენტი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. გაერო არის შეხვედრების ადგილი, შესაბამისად, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმსჯელეთ და სწორედ მათთან კონსულტაციების შემდეგ დავთანხმდით ამ შეხვედრის მოწყობას“, – განაცხადა აბაშიძემ.