ზუკა რურუა - თუ შეღავათები იქნება, ბიზნესმენი სპორტის დაფინანსებით უფრო მეტად დაინტერესდება
ზუკა რურუა - თუ შეღავათები იქნება, ბიზნესმენი სპორტის დაფინანსებით უფრო მეტად დაინტერესდება

ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირველ რიგში, სპორტთან ასოცირდება და მიმაჩნია, რომ ბავშვები სპორტით პატარა ასაკიდანვე უნდა იყვნენ დაკავებული, – ამის შესახებ ‬წყალბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზუკა რურუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ქვეყანაში ისეთი სიტუაცია უნდა იყოს შექმნილი, რომ ბავშვს სკოლის ასაკიდანვე შეეძლოს, არჩევანი გააკეთოს და სპორტის რომელიმე მიმართულებას გაჰყვეს. როცა ის 18 წელს მიაღწევს, რა თქმა უნდა, მისი არჩევანია, პროფესიონალი სპორტსმენი გახდება თუ რამე სხვა საქმით დაკავდება, მაგრამ სკოლაში არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რურუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, სპორტსმენებს მოქალაქეებთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდეთ და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინონ, ზუკა რურუამ განაცხადა, რომ ეს აუცილებელია.

‬როგორც ზუკა რურუამ აღნიშნა, რეგიონებში დღეს ნებისმიერ სპორტში სავალალო მდგომარეობაა, რადგან ყველაფრის ნაკლებობაა. 

„მე, როგორც წყალბურთის წარმომადგენელი, აუზებზე გეტყვით, რომ ისინი თითქმის, არ არსებობს. არის მხოლოდ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი აუზი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას მულტიფუნქციური ბაზები, სადაც ყველაფერი ერთად იქნება, რაც ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. იქ ადამიანი სწავლითაც დაკავდება და სპორტითაც“, – განაცხადა რურუამ.

მისი თქმით, სახელმწიფოს იმდენი რესურსი არ აქვს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანხა ჩადოს და ამიტომ კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„კერძო სექტორს სპორტის მიმართ დაინტერესება იმიტომ არ აქვს, რომ სახელმწიფო ბიზნესს შეღავათს არ უკეთებს. ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში იყო, მაგრამ გადასახადებთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ. თუ შეღავათები იქნება, ბიზნესმენი სპორტის დაფინანსებით უფრო მეტად დაინტერესდება. ამით სახელსაც მოიხვეჭს, კომპანიასაც გააპიარებს და სპორტსაც დაეხმარება“, – განაცხადა რურუამ.

როგორც წყალბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, მას ძალიან სწყინს, რომ ბოლო პერიოდში სულ ნარკოტიკსა და დაჭერაზეა საუბარი, რითაც ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის.

„ამის სანაცვლოდ ხალხს მეტი სპორტული აქტივობა, სანახაობა და მატჩები უნდა შევთავაზოთ, რათა ადამიანებმა ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანონ“, – განაცხადა ზუკა რურუამ.

დატოვე კომენტარი