ზუგდიდში სუს-ის მიერ დაკავებული თენგიზ ქობალიას ახლობლებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში სუს-ის მიერ დაკავებული თენგიზ ქობალიას ახლობლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში ეკონომიკისა და სერვისების განვითარების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ქობალიას ახლობლებმა ქალაქის ქუჩებში ავტომანქანებით მსვლელობა და ხანმოკლე საინფორმაციო მიტინგი გამართეს. აქციის მონაწილეები თენგიზ ქობალიასთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე 8 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და სერვისების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია სუს-მა 2018 წლის 25 დეკემბერს დააკავა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეში ფიგურირებდა და რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იწყება.