ზუგდიდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გაიხსნა
ზუგდიდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გაიხსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების პროცესი მიმდინარეობს. ეფექტიანი გამოძიებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდში ახალი სამმართველო გაიხსნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ახალი ოფისი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებისთანავე, სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რეგიონული ოფისების გახსნა წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობის აქტიური ხელშეწყობით, სამსახურმა მოახერხა და უფლებამოსილების განხორციელებიდან რამდენიმე თვეში თელავსა და ზუგდიდში რეგიონული სამმართველოები გახსნა. ახალი რეგიონული სამმართველოს ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის გამოკითხვის, ამოცნობის ოთახებით და ბავშვის გარემოზე მორგებული არასრულწლოვნის ოთახით. ასევე, ოფისი უზრუნველყოფილი იქნება ტელეხიდის სისტემებით. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონული სამმართველო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს საშუალებას მისცემს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებით მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო ღია კონკურსის გზით შერჩეული გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა. ახალი სამმართველოს გაძლიერების მიზნით, სამსახური კვლავ ატარებს ღია კონკურსს გამომძიებლების, ოპერატიული თანამშრომლებისა და სტაჟიორების შესარჩევად. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების დამატების შემდეგ უკვე წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. თითოეული საგამოძიებო დანაყოფი 24 საათის განმავლობაში ემსახურება მოქალაქეებს, ახდენს სამსახურის ცხელი ხაზის (199) და კომუნიკაციის ყველა სხვა წყაროს მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებზე სწრაფ რეაგირებას. გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობისა და დანაშაულთა სპეციფიკის გათვალისწინებით, რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებსა და შესაბამისი სტანდარტით ჩატარების მიზნით, სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამმართველოების დამატებას განაგრძობს. უახლოეს მომავალში რეგიონული ოფისების გახსნა რუსთავსა და გორშია დაგეგმილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.