ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდასხმისას მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა  მიმდინარეობს. იკითხებიან ბანკის თანამშრომლები, რომლებიც 21 ოქტომბერს ბანკზე მომხდარი თავდასხმისას მძევლად აიყვანეს. მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა რამდენიმე მოწმემ. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც მომხმარებლები იყვნენ და თავდასხმისას მძევლად აიყვანეს. როგორც მათ განაცხადეს, საგამოძიებო უწყებაში დღეს განმეორებით არ დაკითხულან და მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. ერთ-ერთი არის ლაშა შენგელია, რომელიც იმ მძევლებს შორის იყო, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.