ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დილიდან ხმაურია
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დილიდან ხმაურია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დილიდან ხმაურია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

მოქალაქე, რომელსაც ცესკო-ს აკრედიტაცია არ ჰქონდა, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდა და ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძესთან გასაუბრება სურდა. მას შემდეგ, რაც დაცვის პოლიციამ შეამჩნია, რომ პირს შესაბამისი აკრედიტაცია არ ჰქონდა, ტერიტორიიდან გაიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, თავმჯდომარემ ოლქიდან უბნებში საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო სიები და ბეჭდები კანონის დარღვევით გაიტანა.