ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლი გაჩნდა
ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლი გაჩნდა

ზუგდიდში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მრიცხველების კარადას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევების გამო სადარბაზოდან მოხდა მცხოვრებელთა ევაკუაცია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს და არც ერთი ბინა არ დაზიანებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ამ დროისთვის ქალაქის ამ უბანში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, საცხოვრებელ კორპუსში კი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მხოლოდ სარემონტო სამუშაოების შემდეგ გახდება შესაძლებელი ელექტროენერგიის მიწოდება.

„საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ მრიცხველების კარადას გაუჩნდა ცეცხლი. დროულად და ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ბრიგადა და მოხდა ცეცხლის სრული ლიკვიდაცია. საბედნიეროდ კორპუსის არც ერთი მცხოვრებელი არ არის დაშავებული. მოხდა მცხოვრებლების დროული ევაკუაცია. არ არის დაზიანებული ბინები. მხოლოდ სადარბაზო დაზიანდა“, განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.