ზუგდიდში, „პრაიმედის“ ლაბორატორიაში პირველი „პისიარ“ ტესტები ჩატარდა და 12 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

22:39, 25.04.2020

ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში პირველი „პისიარ“ ტესტები COVID 19-ზე ადგილზე გაკეთდა. დღეს ლაბორატორიაში 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, თორმეტივე პასუხი უარყოფითი იყო.

აღსანიშნავია, რომ „პრაიმედის“ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელმაც დღეს დაიწყო COVID-19-ზე კვლევები, განმეორებითი კვლევა 14-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პირს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან, ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID-19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით“, – აცხადებს „პრაიმედის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დღეს კორონავირუსზე სულ 23 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 11 ქუთაისში. ქუთაისში გაგზავნილი ტესტების ასუხები ჯერ არ არის ცნობილი.

მსგავსი