ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„მე ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ კანდიდატი, რომლის წარდგენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. არ დაგიმალავთ, ამაღელვებელი და ძალიან ემოციურია. მე ახლა თქვენ წარმოგიდგენთ კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი გახლავთ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მთავარი მოტივატორი, ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე: როგორ უნდა ვიყო პრინციპული იქ, სადაც საჭიროა, იყო პრინციპული და როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც, მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში, როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან. ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგ, თქვენ ალბათ მიხვდებით, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით მთელი ჩვენი გუნდი კარს მომდგარ რეფერენდუმს და ნათლად ასახავს ჩვენს განწყობასა და თავგანწირვას, რომ დიახაც, ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა. მე მინდა, ვთხოვო, ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას. დიდი მადლობა მას, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვა და ბრძოლაში გვერდიგვერდ ვიქნებით ჩვენ ამ ქვეყნის გადასარჩენად და განსავითარებლად. დიდი მადლობა, მამა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მერობის კანდიდატები დღეს წარადგინა.