ზუგდიდში მკვლელობა მოხდა
ზუგდიდში მკვლელობა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში შუახნის მამაკაცი მოკლეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ბიძა ეჭვიანობის მოტივით მოკლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობამდე მათ შელაპარაკება მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა -1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.