ზუგდიდში, მერაბ ქვარაიას მაჟორიტარულ ბიუროსთან „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში, მერაბ ქვარაიას მაჟორიტარულ ბიუროსთან „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათ ბიუროში შესვლა სურდათ, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ბიუროს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ერთ-ერთ მათგანს შეეძლო, ბიუროში შესულიყო და სამუშაო რეჟიმში ესაუბრა.

„შემობრძანდეს ერთი პიროვნება, როგორც წესია. სამუშაო რეჟიმი ასეთი ფორმის არ არის. ვიმყოფებით სამუშაო რჟიმში, ბიუროში რამდენიმე მოქალაქეა, რომელსაც კვალიფიციური მომსახურება უნდა გავუწიოთ და ხელს უშლიან“ ,- აღნიშნა ქვარაიას ბიუროს წარმომადგენელმა.

„შეცვალეს“ წარმომადგენელის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მერაბ ქვარაიასთვის განცხადების დატოვება სურდათ.

„ქვარაია პენსიების ქურდი და ნეპოტიზმით შეპყრობილი ადამიანია. მოვუტანეთ სიგელი, დავაჯილდოვეთ წლის ნეპოტიზმის სიგელითა და მედლით. დავუტოვეთ „მესიჯები“, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა მის გადამგდებ მთავრობასთან ერთად“ ,- განაცხადა „შეცვალეს“ წევრმა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მერაბ ქვარაია ზუგდიდში არ იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.