ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თორიამ აღნიშნა, ერთ-ერთი ინფიცირებული, 50 წლამდე მამაკაცი ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე მუშაობს, რის გამოც ტერიტორია დროებით დაიკეტა და კორონავირუსზე თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს. ასევე, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„ზუგდიდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხევვა გამოვლინდა. ერთი მათგანი, 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია, რომელიც უმუშევარია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება მეორე დადასტურებულს, 25 კონტაქტი ჰყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“,- განაცხადა მალხაზ თორიამ.

ამასთან, თორიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.

„მუნიციპალიტეტის და რეგიონის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ერთ ინფიცირებულს წესების დაუცველობის შემთხვევაში, შეუძლია ზიანი მიაყენოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ორივე ინფიცირებული რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.