ზუგდიდში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის უფლებადამცველებმა სასამართლოს 30 ათას ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროკურატურამ ზ.კ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 23 ივლისს ზუგდიდში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ზ.კ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამა-შვილი დაჭრა. მამა, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.