რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დღეს ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წელს დაიწყო და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების მოწყობა. ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. მოეწყობა სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.
ამ ეტაპზე, დაწყებულია მებაღის სახლის, დაცვის და სალარო ობიექტების სამშენებლო სამუშაო.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოზე დასაქმებულია 120 პირი, პროექტის დასრულების შემდეგ კი განახლებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე 70-მდე პერსონალი დასაქმდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაო 2019 წლის ივნისში დასრულდება.