ზუგდიდში ამერიკული კუთხის ახალი სივრცე გაიხსნა
ზუგდიდში ამერიკული კუთხის ახალი სივრცე გაიხსნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ამერიკული კუთხის გაფართოების ცერემონიალს დაესწრო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ აშშ-ის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ დღეს ერთად ვიმყოფებოდით ზუგდიდის ამერიკული კუთხის ახალი სივრცის გახსნაზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. მადლობას ვუხდი ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. ეს კუთხე წლებია, ეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი მიმართულებით. მადლობა ქალბატონო კელი იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენთ. საელჩოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი მოსახლეობა იღებს სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკული კუთხის განახლებული სივრცის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

განახლებული სივრცის დათვალიერების შემდეგ, ელჩი კელი დეგნანი ბოტანიკურ ბაღში, ამერიკული კუთხის მიერ მოწყობილ კონცერტსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას დაესწრო.

კონცერტის ბოლოს კელი დეგნანმა ამერიკული კუთხის მოხალისეები და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.