ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძისა და დათო ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკო.

ხელისუფლების წარმომადგენლები გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდნენ და ომში გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„10 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულ გმირებს შორის სამი ზუგდიდელი იყო ბადრი ბერანძე, სერგო გოროზია და დავით ჯიქია, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს დაცვას შესწირეს. მუნიციპალიტეტის მერია დაღუპული სამხედროების ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს, ეს ის მცირედია, რომლითაც ჩვენს თანადგომას გამოვხატავთ ამ ოჯახების მიმართ. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა. სწორედ სამშობლოსთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა. ყველა ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ავაშენოთ ძლიერი, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი შვილები ღირსეულ და გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ“,-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა გაიმართა. წირვის შემდგომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.