ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა
ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

,,მსოფლიომ უნდა გაგვიცნოს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი. ბევრი რჩევა მოვისმინეთ ზუგდიდში, ასევე სამეგრელოსა და სხვა ადგილებში ფერმერებისგან და გავითვალისწინეთ ისინი”, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

თავის მხრივ, სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი აგროპროექტის განხორციელებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი.

კერძოდ, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 25 ახალი, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 45 არსებული საწარმო. აღნიშნული საწარმოების საშუალებით, რეგიონში 2100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. 500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა. რეგიონის მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 450 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიურ კომუნიკაციას და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობას.

„დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას დეტალურად გავეცნოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროპოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.