ზუგდიდსა და სენაკში აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ზუგდიდსა და სენაკში აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. გამოკვლევები ჩაატარეს ოჯახის ექიმებმა, კარდიოლოგებმა, ნევროლოგებმა, პედიატრებმა, ენდოკრინოლოგებმა, ოფთალმოლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ონკოლოგმა, დერმატოლოგმა, უროლოგმა, რევმატოლოგმა.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია, სისხლში შაქრის განსაზღვრა და ცე ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით, დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრო. უფასო გამოკვლევა ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ათეულობით ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვნებსაც ჩაუტარდა.