ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ მრევლს ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა.

დღეს ტაძარში ზიარება ჩვეულებისამებრ ჩატარდა, თუმცა ღვინო ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს.

მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა შეიკავოს თავი ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ტაძარში მისვლისა და ზიარების მიღებისგან.

„ძველი წესი არ შეიცვლება, თუმცა ვისაც აქვს ეს სიმპტომები და უნდა ზიარება, მზად ვართ, რომ ვაზიაროთ სახლში“, – უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ.

საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადება 14 მარტს გაავრცელა და მრევლს რეკომენდაციებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.