ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი - თუ პროკურატურას მძევალი უნდა, მე დავრჩები, ლაშა გოგია გაათავისუფლეთ
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი - თუ პროკურატურას მძევალი უნდა, მე დავრჩები, ლაშა გოგია გაათავისუფლეთ

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა მოსამართლეს მოუწოდებს, ყოფილი მერი ლაშა გოგია გაათავისუფლოს.

განცხადება ამის შესახებ გულორდავამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც გოგიასა და გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„ლაშა გოგიას საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს საქმესთან. მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში. თუ პროკურატურას ასეთი მძევალი უნდა, მე დავრჩები. გთხოვთ, რომ გაუშვათ გოგია“, – განაცხადა სხდომათა დარბაზში გია გულორდავამ.

ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე ზუგდიდი ყოფილმა მერმა განაცხადა, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ზურაბ კვირკვია სახელმწიფოს ატყუებს და ის რუსეთში სრულიად სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს. ლაშა გოგიას განცხადებით, კვირკვია აღნიშნული ბრალდების საქმესთან დაკავშირებითაც ატყუებს სახელმწიფოს.

ბრალდების მხარე გოგიასა და გულორდავასთავის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

გია გულორდავას ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ხოლო ლაშა გოგიას ადვოკატი ითხოვს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გოგიას მიმართ საერთოდ არ გამოიყენოს.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის და მთავარმა მოწმემ საკუთარი ჩვენება შეცვალა. მისი თქმით, მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულებს ამის საშუალება დაკავებამდეც ჰქონდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.