ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ქრთამის აღებას უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ქრთამის აღებას უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. გულორდავა დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. ყოფილი ვიცე-მერი რაიმე სახის ქრთამის აღებას უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

გულორდავას თქმით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, თუმცა მისგან რაიმე სახის თანხა არ მიუღია. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ვიცე-მერის განცხადებით, ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

„ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა, რათა გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან არ ყოფილიყო აპელირება იმაზე, თითქოს ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ. ვაპირებ სუს-ს ის ინფორმაცია მივაწოდო, რაც რეალურია. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. ზურაბ კვირკვიას ვიცნობ, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ბოლოს დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდი. კვირკვიას გარკვეული ტერიტორიები უნდოდა ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ ეს არაკანონიერი იყო და არ გამოვიდოდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა ტერიტორია პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა. ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, სადაც მიიღებდა მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, ტერიტორია მისი გახდებოდა. თუ უარი ვუთხარი მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა, მითხარით. თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში“, – განაცხადა გია გულორდავამ.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა ზუგდიდის არჩეულმა მერმა. ლაშა გოგიას გადადგომა სწორედ იმ გამოძიებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც გია გულორდავა დაკითხვაზე იმყოფება.