ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ქრთამის აღება ედებათ.

მათთან ერთად ასევე იმართება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმე და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

ლაშა გოგიას ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, დაცვის მხარე გოგიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„მოვითხოვთ გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას. კვირკვიამ უკანონო თვალთვალი განახორციელა გოგიას მიმართ. ერთი კაცის ჩვენებით არის ამდენი ადამიანი დაკავებული. გვსურს, ეს აუდიოჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ. ეს იყო უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ჩანაწერში არაფერი ისეთი არ არის, რაც ბრალის წაყენების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა.

დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

დატოვე კომენტარი