ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ამსტერდამში ქართული დიასპორისთვის სპექტაკლებს გამართავს. ზუგდიდის თეატრით ქართული კულტურის ცენტრი დაინტერესდა. ცენტრის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკო ზუგდიდის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლსაც დაესწრო.

გასტროლებისთვის ორი წარმოდგენა შეირჩა – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული „დაბრუნება“ და მონოსპექტაკლი „დამსჯელი 14“. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის თქმით, ორივე წარმოდგენით გადმოცემული ამბავი და თემატიკა ამსტერდამის კულტურის ცენტრისთვის მისაღები აღმოჩნდა. ის დარწმუნებულია, რომ გასტროლები წარმატებული იქნება და ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მცხოვრები ქართული დიასპორის ყურადღებას მიიპყრობს.

„ჰოლანდიაში მათი სრული დაფინანსებით ხდება ადგილზე ყველა აქტივობა. სპექტაკლების ჩვენების თარიღი და სხვა ტექნიკური დეტალები უნდა შეთანხმდეს. ამსტერდამში ქართული კულტურის ცენტრი უკვე ხუთი წელია, მოქმედებს. მისმა ხელმძღვანელმა თიკა სვანიძე-ვენკომ აღნიშნა, რომ ზუგდიდის თეატრის წარდგომა ჰოლანდიაში მცხოვრები დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

ეს იქნება შვება ძალიან ბევრი ქართველისთვის. ჩვენ იქ ბევრი კონცერტი დაგვიგეგმავს, მაგრამ თეატრის გასტროლი პირველად ხდება, რაც დიდი სიხარული იქნება ჰოლანდიაში მაცხოვრებელი ემიგრანტებისთვის“, – განაცხადა ბადრი წერედიანმა.

თიკა სვანიძე-ვენკოს თქმით, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და ზუგდიდთან ერთად, შეძლებისდაგვარად ყველა თეატრს მოიცავენ.

დატოვე კომენტარი