ზუგდიდის სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდის სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი იდეები.

ცენტრი გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ და სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

2016 წლიდან ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც საქართველოში გაიხსნა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მეორე ტექნოლოგიური პარკი გახსნა ქალაქ ზუგდიდში.

უახლოეს მომავალში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ასევე ახმეტაში, ნოემბრის ბოლოს კი, თელავში ტექნოპარკი გაიხსნება. 2019 წელს ახალ სასწავლო კორპუსში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ტექნოპარკი დაიწყებს ფუნქციონირებას.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა, თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგოორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

 

დატოვე კომენტარი