ზუგდიდის საოლქო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე გაიმართა
ზუგდიდის საოლქო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე გაიმართა

ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი სხდომა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მათ შორის, ისინი კომისიას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მეთერთმეტე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით ისაუბრა, რის შემდეგაც, გამარჯვებული კანდიდატი შეიცვალა. თავის მხრივ, ოლქის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ამ თემის კომენტირებისას თქვა, რომ კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდა. მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია, საკითხზე სამართლებრივად იდავოს. ამასთან, მირანდა მესხმა დღეს განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ინვენტარის დაზიანებისა და სამუშაო პროცესისათვის ხელის შეშლის ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართავს.

რაც შეეხება შედეგებს, საბოლოო მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები იბრძოლებენ; ასევე, მეორე ტურია მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში. აქაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იბრძოლებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 19 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 22, პარტია „საქართველოსთვის“ კი, სამი მანდატი.

სხდომა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.