ზუგდიდის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სხდომაზე საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან” გელა თოლორაია არ შეუშვეს. ენმ-ს მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თოლორაია მათი პარტიის სიით მოხვდა საკრებულოში და სხდომებზე დასწრების უფლებას არ მისცემდნენ.

ასევე, სხდომაზე ხმაური მოყვა ენმ-ს სამეგრელოს კურატორის მურთაზ ზოდელავას მოთხოვნას შეეტანათ ცვლილება დღის წესრიგში. ზოდელავა ითხოვდა პირველ საკითხად განეხილათ სოფელ რუხისა და განმუხურის მოსახლეობის პრობლემები.

აღნიშნულ მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომის თავმჯდომარემ თაზო ფაცაციამ პირველ არხს განუცხადა, რომ ეს იყო სხდომის ჩაშლის მცდელობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს სხდომაზე მიყვანილი ჰყავდათ მხარდამჭერები სოფლებიდან -რუხიდან და განმუხურიდან.

ენმ-ს წარმომადგენლების განცხადებით, განმუხურში გაზიფიცირების პრობლემაა. რაც შეეხება სოფელ რუხს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რუხში ინერტული მასალების კარიერების პრობლემაა. ენმ-ს წევრების თქმით, მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწები წაართვეს.

სხდომა 17:00 საათზე უნდა განახლდეს.