ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი გუშინ კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა შეიყვანა.

„ქალი შემოიყვანეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ორმხრივი ტოტალური პნევმონიით და ფილტვების შეშუპებით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღებულია ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციისთვის“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით შეიყვანეს

„ერთი კვირაა, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და გვიან მოგვმართა“, – განაცხადა ორჟონიამ.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი ადამიანი გარდაიცვალა.