ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 19 აპრილამდე გადაიდო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რომლის განხილვაც ვერ მოასწრო.

სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო და სხვა მასალები განიხილეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის დაჯარიმებას მოითხოვდა. ნიკა ნინუას განცხადებით, ჩხეტიამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ზუგდიდის პოლიციის უფროსსა და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლის კითხვაზე, იღებდა თუ არა ამ ფაქტს სამხრე კამერით, ნინუამ აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

მოპასუხე მხარე კი, ოქმში ასახულ ბრალდებას არ ეთანხმება. ადვოკატი მირანდა გოგოხია პროცესზე ჩხეტიას მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს ითხოვდა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ჩხეტიას პროცესი დღეს შედგა,  ანი წითლიძესა და გიორგი პატარაიას საკითხზე კი, სასამართლო სხდომა 18 აპრილისთვის ჩაინიშნა.