ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარლამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი მისამართით განხორციელდა სროლა.

დაჭრილი მამა-შვილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი.

დატოვე კომენტარი