ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას ადვოკატმა, ზაქრო გვიჩიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა.

ზაქრო გვიჩიანის განცხადებით, გულორდავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„მე შევხდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ბრალი არ არის ჯერ წარდგენილი, მტკიცებულებებს ჯერ არ გავცნობივარ, ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება სრულად მასალების გადმოცემა. პოზიციას რაც შეეხება, ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ედავებიან ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გია გულორდავა იყოს დაკავებული და შემდგომში ცნობილი ბრალდებულად“, – განაცხადა ზაქრო გვიჩიანმა.

გია გულორდავას ბრალს ხვალ ან ზეგ წარუდგენენ. სწორედ ამის შემდეგ გადასცემენ ადვოკატს საქმის მასალებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს დააკავეს.