ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უბანთან მისული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა  ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს.

„ინციდენტი დაიწყო იმით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ სიები, რომელთაც იყენებდნენ ამომრჩეველთა მოსასყიდად,. ეს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. როდესაც მოვედი, ჩვენმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად ვიდეომასალა აქვთ, როგორ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა. მე ეს მასალა ჯერ არც მინახავს, იმ მომენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა გადმოგვცემენ ამ ვიდეოებს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ვიდეოკამერით მუშაობდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მისთვის ხელისშეშლა სცადა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მოქალაქე სამართალდამცველებმა დააკავეს. პირი კი, რომელიც ვიდეოკამერით მუშაობდა, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.