ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში მრევლი დისტანცირებას იცავდა, ხატები იწმინდებოდა სპეციალური ნივთიერებით
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში მრევლი დისტანცირებას იცავდა, ხატები იწმინდებოდა სპეციალური ნივთიერებით

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ წირვა-ლოცვა აღავლინა. ტაძარში მრევლი დისტანცირებას იცავდა, ხატები იწმინდებოდა სპეციალური ნივთიერებით. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ მრევლის წარმომადგენლები ერთი კოვზით აზიარა. მრევლს სიტკბოება ერთჯერადი ჭიქები მისცეს.

მეუფე გერასიმემ ქადაგებით მიმართა მრევლს და მოუწოდა, დაიცვან სახელმწიფოსა და ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მეუფე გერასიმემ უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს ერთი კოვზით ზიარების რეკომენდაციის დაცვისა და სხვა საკითხებზე.

მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების შესახებ არანაირი ცვლილება არ შესულა. მან მოუწოდა ყველას, რომ დაიცვან მედიკოსების რეკომენდაციები.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ტაძარში მოხდეს ინფიცირება, მან აღნიშნა: „ღმერთს ვართ მინდობილი“.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების დაუშვებლობას, მეუფე გერასიმემ აღნიშნა: „როგორ წარმოუდგენიათ, პატრიარქმა ან სხვა სასულიერო პირებმა ცარიელ ტაძარში აღავლინონ წირვა-ლოცვა. უჩვეულო დღე გაგვითენდა. მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ეკლესიის წევრები, ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, მათი ჯანმრთელობის, მათი კეთილდღეობისათვის ის რეკომენდაციები, რომელსაც სახელმწიფო აჟღერებს, რითაც ის თითოეული ჩვენთგანისათვის ზრუნავს“.