ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალიდან „კოვიდ 19“-ზე მედიკოსებს გამოიკვლევენ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალიდან „კოვიდ 19“-ზე მედიკოსებს გამოიკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ხვალიდან ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება „კოვიდ 19“-ზე.

„ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოჰყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა“, – ამბობს ლელა ქაჯაია.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ზე კვლევა. ცამეტივე პაციენტზე უარყოფითი პასუხები იყო მიღებული. გამოიკვლიეს ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები.

„კოვიდ-19“-ზე ლაბორატორიული კვლევები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. უკვე ჩაუტარდა ტესტირება 40-მდე ადამიანს. ყველა პასუხი უარყოფითი იყო.