ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ექიმი - კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ექიმი - კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტმა, ლალი დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს უკვე ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე, პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს და გუშინ კარანტინის მე-14 დღე იყო.

„ეს ვადა დღეს ამოიწურა. ახალგაზრდა მამაკაცი ცხელებით წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ჯერჯერობით ხელმეორედ გამოკვლევაზე სინჯი გაგზავნილი არ არის. ის იმყოფება დაკვირვების ქვეშ და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი, დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ლალი დარახველიძის განცხადებით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება. 67 წლის მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფექციურ საავადმყოფოში 24 მარტს ცხელებით შეიყვანეს. ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა“, – განაცხადა ინფექციონისტმა და ასევე აღნიშნა, რომ მამაკაცის მეუღლე თვითიზოლაციაშია.