ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული ბიოლოგიური ნიმუშებიდან 58 დადებითი აღმოჩნდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული ბიოლოგიური ნიმუშებიდან 58 დადებითი აღმოჩნდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მისი თქმით, 88 წლის მამაკაცს გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა, ის სენაკის კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა.

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსი 58-ს დაუდასტურდა. აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, სამი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ოთხი შემთხვევაა ფოთში, 5-5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობსა და მესტიაში, 1-1 შემთხვევაა ჩხოროწყუსა და სენაკში, ერთი ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულებიდან არიან ზუგდიდის 17 ბაღის აღმზრდელები და ფოთის ექვსი ბაღის აღმზრდელები, ასევე ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი და ერთი მოსწავლე.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

როგორც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდპაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი, ხოლო რუხის კლინიკიდან გაეწერა 13 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 232 ადამიანი.