ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს
ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს.

როგორც მათ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ზურაბ ეგუტია ამავე თეატრის მსახიობს, კოკა ხუბუტიას ფიზიკურად გაუსწორდა და საქმეს შსს იძიებს.

„ზურაბ ეგუტია ჩვენს მსახიობს ივნისის თვეში ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტის გარდა, არის რიგი საკითხები, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მაგალითად, თეატრის მართვა და განვითარება, თეატრის მომავალი. გამოძიების შედეგები ჯერ არ დადებულა, დასკვნა არ არის და ამ დროს ვგებულობთ, რომ დირექტორად ისევ ეს პიროვნება ინიშნება, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მივმართავთ, კულტურის სამინისტროს, მოახდინოს სასწრაფო რეაგირება“, – განაცხადეს მსახიობებმა.

თავად ეგუტია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მსახიობების ნაწილი, ვინც მის დანიშვნას აპროტესტებს, რეპეტიციებზე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდა და თეატრის თანამშრომელ ქალბატონს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება მსახიობ კოკა ხუბუტიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას, ეგუტიას თქმით, გამოძიების შედეგების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა. ეგუტია თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა შეროზიას დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დირექტორის პოსტზე კვლავ ეგუტიას კანდიდატურა წარუდგინა.