ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას ე.წ. საჯინიბოს შენობაში ქვემოთ ჩამავალი კიბე აღმოაჩინეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას ე.წ. საჯინიბოს შენობაში ქვემოთ ჩამავალი კიბე აღმოაჩინეს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას დადიანების ორანჟერიაში, ე.წ. საჯინიბოს შენობაში კედლებისა და იატაკის გასუფთავების დროს კიბე აღმოაჩინეს, რომელიც ქვემოთ ჩადის.

როგორც „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი ზვიად ქარჩავა განმარტავს, რა დატვირთვა ჰქონდა კიბეს, ეს და სხვა დეტალები არქეოლოგების მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ორანჟერია დაკონსერვდება, დონორის მოძიების შემთხვევაში კი, შენობის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ. კიბის გარდა, გარკვეული ფენისგან გათავისუფლების შემდეგ, აქ წითელი აგურის იატაკიც გამოჩნდა“, – აცხადებს ქარჩავა.

მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.