ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართა
ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართა

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ, პარტია „ლელომ“ და „ევროპულმა საქართველომ“ აქცია გამართეს. შეკრებილებს მიმართეს ოპოზიციური ძალების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბრძოლის გაგრძელებას და პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს ხის საანგარიშოს შეტანა შენობაში და ოლქის თავმჯდომარისთვის გადაცემა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა საანგარიშო ხეზე ჩამოკიდეს.

შემაჯამებელ სხდომებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან.

აქციის მონაწილეებს უპასუხა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა. მისი თქმით, დღეს შედგა შემაჯამებელი ოქმი პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში.

„64 საჩივარი იყო რეგისტრირებული კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეებში, აქედან 48 განუხილველი დარჩა, სულ ორი სხდომა ჩატარდა, 11 განვიხილეთ, აქედან ერთი დაკმაყოფილდა სრულად, ორი ნაწილობრივ, რვა არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

მისივე თქმით, შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზი არ არის.

„რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ეს მათი უფლებაა, გამოხატონ თავიანთი ნება. ჩემი ოლქის მასშტაბით, ოქმებს, რომელიც ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზე, არც ერთს არ ერთვის განსხვავებული აზრი. საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა აწერს ხელს ყველა უბანზე, არავის არანაირი პრეტენზია არ გააჩნია შემაჯამებელ ოქმებთან, ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. რაც განვიხილეთ ეს საჩივრები იყო კენჭისყრის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც არ იქონია გავლენა შედეგებზე. 89-ე უბანი ყველასათვის ყურადსაღები იყო, სადაც მოხდა მაჟორიტარული ბიულეტენით ხმის მიცემის პროცედურა 39 ადამიანზე და ზუსტად 39-ით ნაკლებობა არის პროპორციულ ნაწილში. დანარჩენი ხარვეზი შემაჯამებელ ოქმებში არ გვაქვს“, – განაცხადა მირანდა მესხმა.