ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს. დაზიანებულია ავტობუსის საქარე მინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ხობის რაიონის სოფელ ქვალონში მოხდა. ავტობუსი ავტოსატრანსპორტო გაერთიანება „გლობუსს“ ეკუთვნის.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, სოფელთან დახვდნენ სპეციალურად, რომ მგზავრები დაეშინებინათ და მინები ჩაამსხვრიეს. მისივე ცნობით, ამის შემდეგ, აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ავტობუსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია „გლობუსის“ კუთვნილ ავტობუსს თავს ესხმიან. სოფელ ცაიშში ავტობუსს ქვები მიმდინარე წლის 9 ივლისსაც დაუშინეს.

დატოვე კომენტარი