ზორბეგ ებრალიძე - ფეხბურთისთვის თავი მქონდა დანებებული, მაგრამ ტრავმირებულები გვყავდა, დავბრუნდი და თასის ფინალში ვითამაშე #1TVSPORT
ზორბეგ ებრალიძე - ფეხბურთისთვის თავი მქონდა დანებებული, მაგრამ ტრავმირებულები გვყავდა, დავბრუნდი და თასის ფინალში ვითამაშე #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხზე „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველი გადაცემაში თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა მცველმა, ზორბეგ ებრალიძემ 1976 წლის 3 სექტემბრის საბჭოთა კავშირის თასის ფინალი გაიხსენა, რომელშიც თბილისურმა კლუბმა ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ეს ჯილდო პირველად მოიგო.

„მაშინ კარიერას უკვე ვასრულებდი. შუა სეზონში ეს უკვე გადაწყვეტილი მქონდა. შეკრებაზე ვიყავი მწვანე კონცხზე და ყველამ იცოდა, რომ თამაშს ვამთავრებდი“, – ამბობს ზორბეგ ებრალიძე, რომელიც მაშინ გუნდის მცველი იყო.

ვლადიმერ გუცაევი: „მაშინ, კომუნისტების დროს ასეთი შეხედულება იყო, რომ 29-30 წლის ასაკში ფეხბურთელს თამაშისთვის თავი უნდა დაენებებინა. დათო ყიფიანმაც 30 წლისამ დაანება. ზორბეგს 40 წლამდე შეეძლო ეთამაშა, მაგრამ ისეთი გარემოს ქმნიდნენ, რომ უნდა წასულიყავი და თავი ბებერი გეგონა“.

ზორბეგ ებრალიძე: „1975 წლიდან, მურთაზ ხურცილავას წასვლის შემდეგ მე ვიყავი კაპიტანი. მე-2 ტურიდან რომ მოვირგე სამკლავური, 1975 წლის მთელი სეზონი ბოლომდე ვითამაშე და 29 თამაში ჩავატარე, მაგრამ 30 წელს რომ ხდებოდი, ძალაუნებურად, თავი უნდა დაგენებებინა. არ დამავიწყდება, მაშინ დათო ჭელიძე და დათო მუჯირი დაიმტვრნენ და გუნდში ჩემი პოზიციის მცველი აღარ იყო. მე კი შეკრებიდან წამოსული 10 დღე აღარ ვვარჯიშობდი და თავი დანებებული მქონდა. გუნდი ესპანეთში იყო წასული, სადაც „კარაველას“ თასი მოიგო. დიღომში ვცხოვრობდი. გადავდივარ ბაზაზე და ახალკაცი მეძახის, საქმე მაქვსო. მეუბნება, უნდა წამოხვიდე და ითამაშო, ხალხი დაგვემტვრაო. ოდესაში მეორე წრის თამაშზე პირდაპირ მარცხენა მცველად დამაყენა. შემდეგ თასის თამაშებიც ჩავატარე და ფინალში გავედით. ეს ბიჭებიც გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ გუნდი რომ იგებს, შემადგენლობას არავინ ცვლის. ფინალი ბოლომდე ვითამაშე“.

მან თასის ფინალის ბურთის ამბავი გაიხსენა: 

„თამაშებზე ვოვას (ვლადიმერ გუცაევი) ძმა, ვასო სულ დაგვყვებოდა და გვეუბნებოდა, მატჩის ბურთი მე უნდა მომცეთო. ფინალის მატჩი დასრულდა და ამ დროს ბურთი მე შემრჩა, ისეთი სიხარული იყო, ვასიკოს მივეცი – რა თქმა უნდა. ეს გამარჯვება 13 მაისმა დაჩრდილა, მაგრამ 1964 წლის ჩემპიონობის შემდეგ მაშინ ყველაზე დიდი სიხარული იყო. აეროპორტიდან ბაზაზე რომ მოვდიოდით, მთელ ამ გზაზე ხალხი იდგა და ყვავილებს გვესროდნენ“.

ვლადიმერ გუცაევი: „ასე რომ 1976 წლის თასის ფინალის ბურთის მფლობელი არის ჩემი ოჯახი. ხალხმა იცოდეს – ჩემთან არის“.