ზოჰრაბ მნაცაკანიან​ი - დისკრიმინაციის არანაირ ფორმას არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, ეს სრულიად მიუღებელია
ზოჰრაბ მნაცაკანიან​ი - დისკრიმინაციის არანაირ ფორმას არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, ეს სრულიად მიუღებელია

დისკრიმინაციის არანაირ ფორმას არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, ეს სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ​ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ბათუმის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე სესიაზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარი შეკითხვის შესავალში აღნიშნა, რომ საქართველოს 30 წელია, არჩეული აქვს დასავლეთის გზა და იყო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კაშირის დანგრევისას, რომელიც ითხოვდა დამოუკიდებლობას.

„ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ საბჭოთა კავშირი არ ითვალისწინებდა ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. 1989 წლის 9 აპრილმა პროტესტი გააგრძელა. ახლა ვხედავთ მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი მტკივნეული საკითხის გარშემო. ქართული კულტურისთვის უცხოა პირადული ცხოვრების გამომზეურება. ჩვენ ვამბობთ, რომ ლგბტ ხალხის მიმართ არ არის აგრესია, სანამ ისინი არ იწყებენ საკუთარი პირადი ცხოვრების წესის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დაინტერესდა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და მსგავსი ღონისძიებები განხორციელდეს საქართველოს ქუჩებში.

„ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანი ხარ. ჩვენ შემთხვევაში, იყო გარკვეული დისკრიმინაციის შემთხვევები. იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც დევნიდნენ რელიგიური რწმენის გამო. ეს არის ნამდვილი დისკრიმინაცია. დისკრიმინაციის არანაირ ფორმას არ უნდა ჰქონდეს საფუძველი. ეს არის სრულაიდ მიუღებელი. არა ის, რომ ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური. 10-15 წლის წინაც კი მე ვმუშაობდი დასავლეთ ევროპაში, სადაც გეი ადამიანები, ლესბოსელები და ჰომოსექსუალები კრიმინალებად ითვლებოდნენ, თუნდაც ევროპაში, დასავლეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთში. პოსტ საბჭოთა სივრცეში საერთოდ ახალი იყო ამგვარი ტიპის დებატები, ამ მოვლენის დეკრიმინალიზაცია“, – განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიან​მა.

მისი თქმით, როდესაც სომხეთი ევროსაბჭოს წევრი გახდა, ლგბტ პირთა უფლებების საკითხი სერიოზული ფორმით მაშინ განიხილეს.

„თუ ვინმე ტრადიციული, ისტორიული მონაცემების მიხედვით მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია ამ მიმართულებით მისაღებია, რა თქმა უნდა, ამგვარი ტიპის ტენდენცია უნდა დავგმოთ. უნდა გაიმართოს ეროვნული დებატები, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება უნდა გვქონდეს. ამგვარი ტიპის თემებზე მსჯელობა ეროვნული დებატის დონეზე უნდა ავიყვანოთ. საჭიროა ყველა ინდივიდუალურ საკითხზე ინდივიდუალური დებატი, თუმცა ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება უნდა გვქონდეს. რატომ არ ვსაუბრობთ უნარშეზღუდული ადამიანების ჯგუფებზე, ეთნიკურ უმცირესობებზე, რატომ ვაკეთებთ აქცენტს მაინცდამაინც ლგბტ ჯგუფებზე. უნდა ველაპარაკოთ ყველას ერთნაირად, სადაც ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ღირებულებები ირღვევა“, – განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

დატოვე კომენტარი