ზოგადი უნარების ტესტების 1-ელ და მე-3 ვარიანტებში მინიმალური ზღვარი 22 ქულით, ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტებში 24 ქულით განისაზღვრა

14:45, 31.07.2019

ზოგადი უნარების ტესტების პირველ და მესამე ვარიანტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით, ხოლო მეორე და მეოთხე ვარიანტებში 24 ქულით განისაზღვრა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადი უნარების შემთხვევაში ტესტის ოთხი ვარიანტი არსებობდა და თითოეული სხვადასხვა სირთულის იყო, რის გამოც მოხდა ქულების გათანაბრება.

„თითოეული ვარიანტი შეიძლება ცოტათი სირთულით განსხვავდებოდეს სხვა ვარიანტისგან. ამიტომ იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ქულების გათანაბრება ხდება. სტატისტიკური დამუშავების შედეგად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი პირველ და მესამე ვარიანტებში არის 22 ქულა, ხოლო მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა არის 24. შესაბამისად, აბიტურიენტები, რომლებმაც მიიღეს გამსვლელ ქულაზე ნაკლები, ეთიშებიან საგამოცდო პროცესს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

მსგავსი