ზლატანს საქართველოსთან მატჩი მუდამ დაამახსოვრდება - იბრაჰიმოვიჩმა ჰიმნი პირველად „ჯვაროსნებთან“ შეასრულა და რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT
ზლატანს საქართველოსთან მატჩი მუდამ დაამახსოვრდება - იბრაჰიმოვიჩმა ჰიმნი პირველად „ჯვაროსნებთან“ შეასრულა და რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT

მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო და საქართველოსთან ნაკრების ფორმა 117-ედ მოირგო, მანამდე ის შვედეთის ჰიმნს არ მღეროდა და ეს პირველად „ჯვაროსნებთან“ გააკეთა. 39 წლის ფეხბურთელი მუდმივად ირჩევდა არ ემღერა ეროვნული ჰიმნი.

„ეს არასდროს მომწონდა. ვამაყობ, რომ შვედი და ეროვნული გუნდის წევრი ვარ. როდესაც მინდორზე გამოვდივარ, მსურს ყველაფერი გავიღო. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ჰიმნს, მე არასდროს შემეძლო მემღერა და ეს სიტყვები წარმომეთქვა“, – ამბობდა წლების წინ DI Weekend-თან ინტერვიუში შვედი ვარსკვლავი.

როგორც ჩანს, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა. საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ზლატანისთვის პირველი საერთაშორისო მატჩი იყო 4.5 წლის განმავლობაში, ჩანდა, რომ მღეროდა.

„მე მწვრთნელს დავპირდი, რომ ვიმღერებდი და სიმღერა ვისწავლე. სამწუხაროა, რომ შეხვედრას ხალხი არ დაესწრო. ხალხს შეუძლია აგანთოს, ისინი დამატებით ენერგიასა და მოტივაციას მოგვცემდნენ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზლატანმა.

ამის შესახებ კომენტარი შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იანე ანდერსონმაც გააკეთა.

„ცოტა სასაცილო იყო, რომ სან-რემოში იმღერა (იტალიური მუსიკალური ფესტივალი), ასე რომ, მე ვკითხე, ეროვნული ჰიმნის შესრულებაც შეგიძლია-მეთქი? ამაზე არ მიფიქრიაო, მაგრამ მგონია, რომ ფიქრობდა. ალბათ, ზლატანი ამაყობს, რომ ისევ ეროვნული ნაკრების ნაწილი გახდა“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს საქართველოსთან მატჩი კიდევ დიდხანს იმიტომაც დაამახსოვრდება, რომ ნაკრების რეკორდსმენი გახდა. მან შვედეთის ეროვნული გუნდის ფორმა 39 წლის ასაკში მოირგო და მეკარე თომას რაველის რეკორდი მოხსნა. რაველი 38 წლისა და 59 დღის იყო, როდესაც ბოლო საერთაშორისო მატჩი ჩაატარა (ესტონეთთან 1997 წლის 11 ოქტომბერს). ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოსთან მატჩის დღეს 39 წლის, 5 თვის და 23 დღის იყო.