ზივზივაძე ნახევარფინალის გმირია - „მეზოკოვეშდი“ ქართველის გოლით და ასისტით თასის ფინალში პირველად გავიდა (ვიდეო)
ზივზივაძე ნახევარფინალის გმირია - „მეზოკოვეშდი“ ქართველის გოლით და ასისტით თასის ფინალში პირველად გავიდა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და „მეზოკოვეშდის“ ფინალში გაყვანაში დიდი როლი ითამაშა.

უნგრეთის სეზონი სათასო ნახევარფინალებით განახლდა. „მეზოკოვეშდმა“ და ბუდუ ზივზივაძემ უკვე ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს. „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით დაპირისპირებაში „ფეჰერვარს“ (ადრე „ვიდეოტონი“) ესტუმრა და 2:2 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი მან ბევრი რამ მოასწრო.

ანგარიში მე-8 წუთზე სწორედ ზივზივაძემ გახსნა. 55-ე წუთზე მისი მშვენიერი საგოლე გადაცემით ლასლო პეკარმა სტუმართა უპირატესობა გაზარდა.

მართალია, „ფეჰერვარმა“ საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წყალობით (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) ფინალში ზივზივაძის გუნდი გავიდა – აღსანიშნავია, რომ ეს „მეზოკოვეშდმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო.

უნგრეთის თასის ფინალი 3 ივნისს გაიმართება. „მეზოკოვეშდი“ მტკ-სა და „ჰონვედის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.