ზივზივაძე ფინალისთვის ემზადება - „მეზოკოვეშდი“ დამარცხდა, ფანები ტრიბუნაზე შეუშვეს
ზივზივაძე ფინალისთვის ემზადება - „მეზოკოვეშდი“ დამარცხდა, ფანები ტრიბუნაზე შეუშვეს

უნგრეთში საფეხბურთო სეზონი 23 მაისს, სათასო ნახევარფინალური დაპირისპირებებით განახლდა, ჩემპიონატის შეხვედრები კი ახლა დაიწყო და ბუდუ ზივზივაძისმეზოკოვეშდმა“ ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა.

26-ე ტურში ქართველის გუნდი გასვლაზე „დიოშგიორს“ ესტუმრა, რომელიც ევროსაგზურისთვის ბრძოლაში მისი ერთ-ერთ კონკურენტია და დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, 83-ე წუთზე პენალტით „დიოშგიორის“ ნახევარმცველმა, ბენცე იზჟლაიმ გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა  – 1:0.

ბოლო პერიოდში პირველად მოხდა, ბუდუ ზივზივაძე „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში რომ არ იყო. ქართველი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა. მიზეზი ისაა, რომ 3 ივნისს „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის თასის ფინალში „ჰონვედთან“ ითამაშებს, პანდემიის პაუზის გამო კი ახლა მატჩები მჭიდრო გრაფიკით, 2-3-დღიანი პაუზებით ტარდება. ამიტომ, „მეზოკოვშდის“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სრულად არ დატვირთა.

სტუმრებს ქულის მოპოვება შეეძლოთ. ზივზივაძე 71-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და კარის წინ თანაგუნდელი მოძებნა, რომელმაც ვერ გაიტანა და მშვენიერი შანსი გაანიავა.

საინტერესოა, რომ უნგრეთში გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება მისცეს – ოღონდ, ტრიბუნებზე ჭადრაკისებური განლაგებით უნდა დამსხდარიყვნენ, მაგრამ სურათიდან ჩანს, რომ უსაფრთხოების ნორმებს დიდად არ იცავდნენ..

26-ე ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდი“ 45 ქულით ისევ მესამე ადგილზეა, მაგრამ „დიოშგიორმაზივზივაძის გუნდთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.