ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს
ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

ზიმბაბვეს ვეტერანი პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. 93 წლის რობერტ მუგაბე შინაპატიმრობაში იმყოფება, სანამ ქვეყნის დედაქალაქი სამხედროებს აქვთ დაკავებული და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.

ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და ზიმბაბვეს თავდაცვის ძალების მეთაურმა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუგაბემ ამ მოლაპარაკების შემდეგაც უარი თქვა თანამდებობიდან წასვლაზე.

თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები მუგაბეს მომხრე გაზეთ „ჰერალდშიგამოქვეყნდა. „ჰერალდის“ რედაქტორმა ფოტოები Twitter-ის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

ეს ვეტერანი პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, ხოლო თავად პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იმყოფება.

მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში მართავდა, ძალაუფლება დაკარგა. მას ზიმბაბვეს სამხედრო ლიდერები და მისივე პარტიის მაღალი თანამდებობის პირები დაუპირისპირდნენ. თუმცა, ვეტერანი პრეზიდენტი გადადგომის შესახებ განცხადებას არ აკეთებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სამხედროებს მასზე გავლენის მოხდენა უჭირთ.